ახალი წელი რეგიონებში

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს.” საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი. ხევსურები ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უყურებენ და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი იქნებაო. ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად დამიბერდიო". გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებს." ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.
მესხეთ-ჯავახეთი.საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" სხვებთან შედარებით დიდი ზომის ცხვებოდა და შიგ თეთრ აბაზიანს. ატანდნენ შემდეგ დიასახლისი აცხობდა "ბანის პურებს" და "ქათამ-წიწილას" პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას. ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. საინგილოში საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის: "ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა." თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.
სვანეთი.ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ. თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა. დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია.

1 comment:

  1. იქნებ საქართველოს სხვა კუთხეებზეც დაწერო :-)

    ReplyDelete