მეკვლე
საქართველოში ერთი უძველესი ტრადიცია არსებობს, რომელსაც დღესაც გულმოდგინედ იცავენ. ახალი წლის ღამეს ან განთიადისას ოჯახს მეკვლე უნდა ესტუმროს. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც მომდევნო წელიწადს მოზეიმეებს ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. როგორც წესი, მეკვლეობას მამაკაცს ანდობდნენ, თუმცა დღეს მეკვლის სქესსა და ასაკს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, მთავარია მან მასპინძელ ოჯახს სიხარული დააბედოს.
მეკვლის სტუმრობა მთელი რიტუალია, რომელსაც ძველად ზედმიწევნით ზუსტად იცავდნენ. შუაღამის დადგომის შემდეგ სახლიდან არავინ გადიოდა, სანამ მეკვლე არ ესტუმრებოდათ. ეს უკანასკნელი ტკბილეულითა და ხილით ხელდამშვენებული მოდიოდა.
meკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება.
საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩედნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია.
"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა", ასეთია მეკვლის დალოცვა.
სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შენონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე ფანტავდა..
ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას" წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს. რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.
იმერეთში სცოდნიათ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადება. კალპი მარადმწვანე სუროსაგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. კალპის დადგმა ჩიჩილაკისთვის აუცილებელი არ იყო.
კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგვი, რომელიც რიტუალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა.
ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, "ბატონებისათვის" მისართმევი ხე; საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, "მაშხალას" მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს.
სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. "კამარას", რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.
ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხში.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment