საახალწლო სუფრა

რაც შეეხება საახალწლო სუფრას. ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება. დავით კობიძე, ეთნოგრაფი: "იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება. ".
ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (და სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა, (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა..) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა. დღეს ქართული სუფრის მთავარი კერძებია: საცივი, შემწვარი გოჭი ან ინდაური, სალათები, ხილის ასორტი და სხვადასხვა ტკბილეული, რომელთა შორის უმთავრესი გოზინაყია!

No comments:

Post a Comment